ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე: ახლა მთავარი პრიორიტეტია, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, მთავარი პრიორიტეტია, რომ ენგურის ხიდზე მიმოსვლის შეზღუდვის გამო მოსახლეობა არ დაზარალდეს და შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას. მინისტრი განმარტავს, რომ ამისთვის სახელმწიფო უწყება უკვე მუშაობს.

„ახლა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ადამიანების ინტერესზე ზრუნვა, ვინც ყველაზე მეტად ზარალდება. ინტენსიურ რეჟიმში ყველა სტრუქტურასთან ერთად ჩართული ვართ, რომ უკანონო შეზღუდვა მოკლე ვადებში მოიხსნას მაქსიმალურად, რომ არ დაზარალდეს მოსახლეობა, ვმუშაობთ ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხით ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველაზე მძიმე გამოწვევა და წუხილი, რაც ჩვენს მოსახლეობას აქვს, უკავშირდება ახალგაზრდების გადადგილებას, მათ მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში. განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ იმ სქემაზე, რომ არ ჰქონდეთ პრობლემა გალელ სტუდენტებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში წვდომაზე. მინდა დავაიმედო და დავარწმუნო ყველა, რომ ნამდვილად ყველა ნაბიჯი განსაზღვრული იქნება მათი ინტერესების მიხედვით, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ. პოლიტიკურ შეფასებებს გავაკეთებ მოგვიანებით“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს აფხაზეთის მიმართულებით ენგურის ხიდის გადაკვეთა განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ. გალელები ამბობენ, რომ მათ მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად შეუძლიათ. ენგურის ხიდზე მიმოსვლა გუშინ საღამოს შეიზღუდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ეს ზომები საქართველოში, მათ შორის, ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო მიიღეს.


Print