ახალი ამბები
საგანგებო: შტორმის გამო ზღვაში შესვლა აკრძალულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე მყოფ დამსვენებლებს აფრთხილებს. უწყებაში აცხადებენ, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე შტორმის გამო ზღვაში შესვლა იკრძალება. 

“საქართველოში, შავი ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 4 ბალიანი შტორმი. უამინდობის გამო მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აფრთხილებს მოსახლეობას, არ შევიდნენ ზღვაში. კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე.

მთელს სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. ასევე, მობილიზებულია წყალზე მაშველების დამატებითი ჯგუფები, ისინი პატრულირებენ სანაპირო ზოლზე და ხმის გამაძლიერებლებით მოსახლეობას რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად.

შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print