ახალი ამბები
„პატრიოტთა ალიანსმა“ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ წასვლა და სააკაშვილისა და ბოკერიას დასჯა მოითხოვა (ფოტო)
ზუგდიდში დასრულდა “პატრიოტთა ალიანსის“ აქცია, რომელიც, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში, მთავარ მოედანზე მიმდინარეობდა. პარტიის ლიდერებმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერეს. როგორც ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა აღნიშნეს, ისინი „ქართული ოცნებიდან“ ხელისუფლების წასვლასა და მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას დასჯას მოითხოვენ.

„ეს აქცია ჯერ კიდევ ორი თვის წინ დავაანონსეთ, მაშინ როდესაც თავისუფლების მოედანზე 40 000-ზე მეტი ადამიანი შევიკრიბეთ. სწორედ მაშინ ითქვა, რომ შევკრებილიყავით ზუგდიდში. არცერთი საკითხი დღის წესრიგიდან არ მოგვიხსნია. ეს ეხება დავით გარეჯს, სხვადასხვა სოციალურ პრობლემას, სამხედრო მიუმხრობლობას. დღის წესრიგში ჩვენ დავამატეთ სრულიად ახალი საკითხები, გამომდინარე დღეს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან. ჩვენ ვამბობთ - არა „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ჯგუფს და არა „ქართულ ოცნებას“. იმიტომ რომ ჩვენ ადრე 9 წელზე ვლაპარაკობდით და მერე წელზე ვლაპარაკობდით. ასე გვართმევენ სხვადასხვა ხელისუფლებები ცხოვრებას. ასე უაზროდ გადის წლები და არ იცვლება არაფერი არც ქვეყნის და არც ადამიანების ცხოვრებაში. ვითხოვთ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნას, სადაც დღის წესრიგში გავა ჩვენი რეზოლუციის საკითხი. დამნაშავე რეჟიმად ვითხოვთ გამოცხადდეს სააკაშვილი-ბოკერიას პერიოდი. არა კოჰაბიტაციას, არა პოლიტიკურ სპექტაკლებს, არა ხელისუფლების გადაბარების მცდელობას, არა „ნაცმოძრაობის“ ორივე ჯგუფს და არა „ქართულ ოცნებას", - აღნიშნა ინაშვილმა.

ზუგდიდში დღეს უმეტესად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მხარდამჭერები იმყოფებოდნენ.

ამავე თემაზე:

"პატრიოტთა ალიანსის" აქციის მონაწილეები დადიანების სასახლის ეზოში ვახშმობენ (ფოტო, ვიდეო)

ანტისაოკუპაციო ბანერი პატრიოტთა ალიანსის აქციის პარალელურად ზუგდიდში (ფოტო, ვიდეო)

ზუგდიდში “პატრიოტთა ალიანსის” აქცია მიმდინარეობს
Print