ახალი ამბები
ოკუპირებულ გალში ჩარჩენილი აბიტურიენტები გადმოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფების მიერ ენგურის ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვის შედეგად 150-ზე მეტი აბიტურიენტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებს. როგორც რადიო „ათინათს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უთხრეს, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსწავლეების უფლება არ დაირღვეს და მათ უმაღლესი განათლების მიღება შეძლონ. სამინისტროში ამბობენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩარჩენილი აბიტურიენტების ზუსტ რიცხვს მათივე უსაფრთხოების გამო ვერ ასახელებენ.

„ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით , სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად. მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა დაცული იყოს ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ მიეცეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა“,- აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს მასშტაბით  1 ივლისს დაიწყება.

აბიტურიენტები ოკუპირებულ გალში 27 ივნისს სასკოლო ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდნენ. ამავე საღამოს კი საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ საზღვრის ცალმხრივად გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ენგურის ხიდზე მიმოსვლა ამ დრომდე შეზღუდულია. გადაადგილება მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებს და ექიმის ცნობის მქონე პირებს შეუძლიათ.






Print