ახალი ამბები
ციხელაშვილი: ვმუშაობთ, რომ გალში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის ინდივიდუალური ფორმები შევიმუშაოთ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, უწყება განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობს, რათა მათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცეთ. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე, აბიტურიენტების ნაწილის გადმოყვანა, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, მოხერხდა.

„პროცესი გრძელდება. ეს ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ჩვენ ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართულნი სხვადასხვა არხის გამოყენებით, რათა შეზღუდვა საბოლოოდ მოიხსნას. დღემდე მიღწეულია ის, რომ აბიტურიენტებთან ერთად პენსიონრებსა და ასევე სამედიცინო დახმარების საჭიროებების მქონე პირებისათვის გადაადგილება შესაძლებელია. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ, რათა მოსახლეობას გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეს, რამდენადაც თითოეული მათგანისათვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროებას უკავშირდება. „აბიტურიენტებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ენგურის ხიდზე გადმოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს, მინდა ვუთხრა, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მათ უმაღლესი განათლების შესაძლებლობაზე წვდომის პრობლემა არ შეექმნათ. ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ინდივიდუალურად, თითოეულისათვის, მათი საგამოცდო გრაფიკიდან გამომდინარე იქნას შერჩეული შესაბამისი ფორმა, რათა მათ ეროვნულ გამოცდებში სრულფასოვნად მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ და უმაღლესი განათლების შესაძლებლობის მიღმ აარ დარჩნენ. თითოეული მათგანის ეს ინტერესი დაკმაყოფილებული იქნება,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა

ენგურის ხიდი საოკუპაციო რეჟიმმა ცალმხრივად 27 ივნისს ჩაკეტა. შედეგად, სხვა მოქალაქეებთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აბიტურიენტები დარჩნენ, რომლებმაც წელს ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბარონ.

Print