ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია: განათლების მინისტრს ია კერზაიას დასჯა გიორგი გახარიამ დაავალა
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ გენერალურ პროკურატურაში შს მინისტრის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შენგელია გიორგი გახარიას პასუხისგებაში მიცემასა და გასული წლის 5 ნოემბერს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართული შეხვედრის მონაწილეების გამოკითხვას მოითხოვს. შენგელიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ სწორედ ამ შეხვედრის მიმდინარეობისას დაურეკა გახარიამ განათლების მინისტრს და დაავალა მეექვსე საჯარო სკოლაში ინსპექტირების შეყვანა, რასაც კერზაიას გათავისუფლება უნდა მოჰყოლოდა.

„საპრეზიდენტო არჩევნების შუა პერიოდში, პირველსა და მეორე ტურს შორის, 5 ნოემბერს სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც შს მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სწორედ აქ ითქვა, რომ სკოლის დირექტორები სათანადოდ არ ემორჩილებოდნენ მმართველი პარტიის დირექტივებს მხარდამჭერების მობილიზებასთან დაკავშირებით.  დაასახელეს ია კერზაია და იქვე, გიორგი გახარიამ დაურეკა მიხეილ ბატიაშვილს, რომელსაც უთხრა, რომ მეექვსე სკოლაში სასწრაფოდ ინსპექტირება უნდა შესულიყო, რის შემდეგაც ია კერზაია უნდა გათავისუფლებულიყო, რითაც მას სამაგალითოდ დასჯიდნენ“, - გვითხრა შენგელიამ.

მისივე თქმით, ეს ინფორმაცია საკუთარი წყაროსგან აქვს.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ამავე თემაზე:

საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას სარჩელის მიღებაზე უარი თქვა
Print