ახალი ამბები
ზუგდიდში გიგი სიჭინავას შემოქმედებითი საღამო გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდში, დადიანების სასხლის ეზოში გიგი სიჭინავას შემოქმედებითი საღამო "დაინახე და დააფასე ჩვენი შესაძლებლობები’’  გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ გიგის ფერწერული ნახატები და მათგან შექმნილი ფაზლები.  ღონისძიებაზე ვიდეოებიც უჩვენეს, რომელშიც გიგის თვისებებსა და მის შემოქმედებით ნიჭზე მეგობრები ყვებიან. საღამო მოზარდი მხატვრის დედამ ნათია სახოკიამ მოაწყო. მისი თქმით, საკუთარ ქალაქში გამოფენის გამართვა ძალიან საპასუხისმგებლო აღმოჩნდა, თუმცა დღევანდელი დღით ბედნიერია. სახოკიას ინფორმაციით, გიგის ფერწერული ნამუშევრების ფაზლების გაყიდვიდან შემოსული თანხა აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობისთვის გადაირიცხება. ფაზლები გაყიდვაში ორი დღის წინ ჩაეშვა.

„დიდი პასუხისმგებლობაა ამ გამოფენის მოწყობა, რადგან ის ჩვენს ქალაქში ტარდება. წლების მანძილზე ვფიქრობდი, რომ მომეწყო გიგის ნამუშევრების გამოფენა და დღეც დადგა. ძალიან ბედნიერები ვართ მეც და ჩემი შვილიც. ამ გამოფენით  მინდა საზოგადოებას დავანახო, რომ ოჯახის თანადგომით ძალიან ბევრი სირთულის დაძლევა არის შესაძლებელი და მინდა, რომ გიგის ძალიან ბევრი წარმატება ვუსურვო. ფერწერულ ნახატებთან ერთად წარმოდგენილია ფაზლები, რომელიც უკვე არის წარმოებაში. ახლა გავიგე, რომ გიგის ნამუშევრების გამოფენა მალე ევროპაში მოეწყობა", - აღნიშნა ნათია სახოკიამ.

გამოფენით კმაყოფილია თავდა გიგი სიჭინავაც. მისი თქმით, ზუგდიდის შემდეგ გამოფენის მოწყობა იტალიის ქალაქ რომში სურს.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ვიცე მერი გიგა ფარულავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ალექსანდრე მოწერელიამ გიგის თითოეული ნახატი დაათვალიერა და მოზარდს მხარდაჭერას დაჰპირდა.

ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა სამახსოვრო წიგნში შთაბეჭდილებები დაწერეს. 

ამავე თემაზე:

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს გიგი სიჭინავას ნამუშევრების გამოფენა მოეწყო (ფოტო, ვიდეო)

გიგი სიჭინავა „თიბისი ბანკის“ სტიპენდიანტი გახდა

ზუგდიდელ აუტისტ ბავშვს გიგი სიჭინავას ფილმში იღებენ (ვიდეო)




Print