რეგიონი
ჩხორიელი და ფახულანელი მოსწავლეები ტურისტებს საკუთარ სოფლებში ეპატიჟებიან (ფოტო)
სამეგრელოს მუნიციპალიტეტების სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა გადაწყვიტეს, ტურისტებისთვის მათ სოფლებში საინტერესო ადგილები მოენიშნათ და მნიშვნელოვან ადგილებზე შესაბამისი ბანერები დაედგათ. ინიციატივა ამჯერად ფახულანისა და ჩხორიის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებს ეკუთვნით. ბანერების დამზადებაში მათ პროგრამა „მომავლის თაობა“ დაეხმარა.

ანანო ხარებავა, რომელიც სამოქალაქო კლუბ „ნიკეს“ ლიდერია, ამბობს, რომ მეგობრებთან და მასწავლებელთან ერთად, ჩხორიაში მდებარე ადგილების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, ფოტოები გადაიღეს და ბანერისთვის მოამზადეს. ჩხორიელი მოსწავლეები მათი სოფლის სტუმრებს უნიკალური ხევის, დედათა მონასტრის, კოლხური ოდა სახლების, სისატურას, წმინდა გიორგის სახელობის „ნაოხვამუსა“ და ხარებავების კარმიდამოს მონახულებას ურჩევენ. ბანერზე, რომელიც მალე სოფლის ცენტრში დამონტაჟდება, რუკით ჩხორიის ადგილმდებარეობა, ღირსშესანიშნაობები ფოტოები და მოკლე ინფორმაციაა აღბეჭდილი.


„საკლასო პროექტი „ჩემი სოფელი ტურისტულ რუკაზე“ შევიმუშავეთ თვითონ და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ შევისწავლეთ ჩვენს სოფელში არსებული ღირსესანიშნაობები. ვითანამშრომლეთ ტურისტულ სააგენტოსთან და დავამზადეთ ორენოვანი ბუკლეტი, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ ბანერის დამზადება, რათა ტურისტებისთვის უკეთ ყოფილიყო  წარმოდგენილი ჩვენს სოფელში არსებული ღირსესანიშნაობები“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ანანომ.


ჩანჩქერების - ოგორგინჯუ და ოხვილეშის მონახულებას ურჩევენ წალენჯიხის სტუმრებს ფახულანის სკოლის სამოქალაქო კლუბ „ვექტორის“ მოსწავლეები. მათ ექსკურსია მოაწყეს, ფოტოები გადაიღეს და ინფორმაცია სოციალურ გვერდზე გააზიარეს. ამის შემდეგ ფახულანს სკოლის მოსწავლეები წალენჯიხის სხვა სოფლებიდანაც ესტუმრნენ.

„ისეთ ადგილას დავდგით ბანერები, რომელიც გზის გასაყარზეა და ვუთითებთ, რომელი მიმართულებით რომელი მდინარეა. ორივე მათგანი ძალიან ლამაზია. ძალიან გვინდა, უფრო მეტი ტურისტი მოვიდეს ჩვენს სოფელში“, - გვითხრა ფახულანის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა თამთა გერგედავამ.

მოსწავლეები მზად არიან, დაინტერესების შემთხვევაში, ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს უმასპინძლონ და გიდობა გაუწიონ.

2018 წლიდან სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ახალ 230 სკოლას უწევს დახმარებას. მის ფარგლებში ასოციაცია ,,ათინათი“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 32 სკოლაში მუშაობს. „მომავლის თაობა“ ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლებას სკოლებში და მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდას.

პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამა ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია "ათინათი".


















Print