ახალი ამბები
ენგურის ხიდის გახსნა, ოთხოზორიასა და კვარაცხელიას საქმეები-ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესებასა და აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მძიმე შედეგებზე გაკეთდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, არსებულ მწვავე სიტუაციაში მოხდეს ვითარების დეესკალაცია.

ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის გახსნის მიზნით.

განხილვის მნიშვნელოვანი თემა იყო ასევე დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში გარდაცვალებაზე და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვეს საქმის მასალების დაუყოვნებლივ გაზიარება.

მოლაპარაკებებზე არაერთხელ გაესვა ხაზი გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (იპრმ), ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, აღდგენის აუცილებლობას.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში 2019 წლის 8-9 ოქტომბერს გაიმართება.

Print