ახალი ამბები
განათლების მინისტრი უარყოფს, რომ ზუგდიდის მეექვსე სკოლის ინსპექტირება გიორგი გახარიამ დაავალა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი უარყოფს ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სკოლის ინსპექტირება მას შს მინისტრმა დაავალა.

ბატიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, თანამდებობის დასატოვებლად მზადაა.

„ბევრჯერ მაქვს გაცხადებული, არანაირი ასეთი ინფორმაცია არ ყოფილა. როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ამ მიმართულებით, როგორც ვიცით, საკმაოდ აქტიურად მუშაობს. პირველივე დღიდან ვახსენებდი, როგორც კი, ვთქვათ, ამ მიმართულებით სამინისტროს ან ჩემი რაღაც შეიძლება, გახდეს საჭირო, არამარტო იურიდიული, მორალური პასუხისმგებლობაც, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ გენერალურ პროკურატურაში შს მინისტრის წინააღმდეგ სარჩელი 2 ივლისს შეიტანა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შენგელია გიორგი გახარიას პასუხისგებაში მიცემასა და გასული წლის 5 ნოემბერს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართული შეხვედრის მონაწილეების გამოკითხვას მოითხოვს. შენგელიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ სწორედ ამ შეხვედრის მიმდინარეობისას დაურეკა გახარიამ განათლების მინისტრს და დაავალა მეექვსე საჯარო სკოლაში ინსპექტირების შეყვანა, რასაც კერზაიას გათავისუფლება უნდა მოჰყოლოდა.

Print