ახალი ამბები
2020 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთი 72 მილიონ ლარამდე თანხას მიიღებს
2020 წლისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად 72 მილიონამდე ლარი გამოიყოფა, რაც წინა წელთან შედარებით 14 მილიონი ლარით მეტია. რეგიონის მუნიციპალიტეტები აღნიშნულ თანხას ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ მიიღებენ.  ამის შესახებ დღეს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. აღნიშნული თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტზე, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, სპორტის ობიექტების, ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.

72 მილონი ლარი სამეგრელო-ზემო სვანეთის რვა მუნიციპალიტეტში ასე გადანაწილდა:

აბაშა - 5,958,999;

ზუგდიდი -15,440,330;

მარტვილი - 7,613,680;

მესტია - 6,795,330;

სენაკი - 8,113,170;

ფოთი - 7,734,270;

ჩხოროწყუ -5,776,490;

წალენჯიხა -6,189,770;

ხობი -7,065,840.

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა აღნიშნა,  მუნიციპალიტეტების მერებს პროექტების მოსამზადებლად დრო პირველ ოქტომბრამდე აქვთ.

„2020 წელს ჩვენ გვინდა დავამატოთ 2 ქვეპროგრამა, რომელიც ეხება ბაღების მშენებლობას და რეაბილიტაციას. ამაში დაიხარჯება 20 მილიონი ლარი. ასევე 20 მილიონ ლარს წყლის სტანდარტის გაუმჯობესებისკენ მივმართავთ. მერია და გუბერნია აუცილებლად ჩაატარებენ ღია კარის დღეებს, სადაც აუცილებლად უნდა იყვნენ ბიზნესის წარმომადგენლები, იმიტომ რომ დღეს თანხმდება თანხები და ლიმიტები. ბიზნესმა უნდა იცოდეს წინასწარ ექვსი თვით ადრე თუ რასთან ექნება საქმე 2020 წელს.  

სხდომას მხარის გუბერნატორი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრნენ.

შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ყურადღება გაამახვილა პროექტების რაოდენობისა და დაფინანსების მზარდ ტენდენციაზე, ასევე სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე.

„ჩვენ საშუალება გვექნება უფრო დიდი ბიუჯეტით შევხვდეთ, იმ პროექტების განხორციელებას რაც სჭირდება ჩვენს მუნიციპალიტეტს. გარდა ამისა, მათი შესრულების დროც უნდა იქნეს დაჩქარებული“, - აღნიშნა მოწერელიამ.

გასული წელს რეგიონული პროექტებისთვის 58 მილიონამდე ლარი იყო გამოყოფილი.








Print