ახალი ამბები
6 თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში 12 ათას ლარზე მეტი ფულადი ჯილდო და დანამატი გაიცა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე 12 080 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდო და სახელფასო დანამატი გაიცა. ამის შესახებ რადიო „ათინათის“ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული. დოკუმენტის თანახმად, ამ დრომდე, ორჯერ აიღო ფულადი ჯილდო სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ირაკლი ჯიქიამ. მან ზედიზედ ორჯერ, იანვარსა და თებერვალში „დაკისრებული ფუნქციების სანიმუშოდ შესრულებისათვის და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის“ 1560 და 3120 ლარი მიიღო.

ივნისში აიღო ფულადი ჯილდო გუბერნატორის კიდევ ერთმა მოადგილემ მალხაზ თორიამ. ამ შემთხვევაში თანხის ოდენობა 3000 ლარს შეადგენს და ჯილდოს გაცემის საფუძვლად აქაც დაკისრებული ფუნქციების სანიმუშოდ შესრულება და კეთილსინდისიერი სამსახურია მითითებული.

სამხარეო ადმინისტრაციის კიდევ ერთ საჯარო მოხელეს, რომლის ვინაობა გამოთხოვილ ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის, მარტში, „შეფასების შედეგების გათვალისწინებით“, ჯილდოდ 2000 ლარი გადასცეს.

რაც შეეხება სახელფასო დანამატს, იანვარში, თებერვალსა და მარტში, დანამატი 6-ჯერ, 400-400 ლარის ოდენობით გაიცა, რაც ჯამში, 2 400 ლარია.

მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას და მის კიდევ ერთ მოადგილეს ნინო ვიბლიანს ზემოაღნიშნულ პერიოდში ხელფასის გარდა სხვა სახის ფულადი დანამატი არ მიუღიათ.

Print