რეგიონი
საპატიო ზუგდიდელებს ყოველ ვლაქერნობას გამოავლენენ (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდის საპატიო მოქალაქეებს ყოველ ვლაქერნობის დღესასწაულზე დააჯილდოებენ. ამის შესახებ ვლაქერნობისადმი მიძღვნილ კონცერტზე ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ განაცხადა. სწორედ ის იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც დღეს საპატიო ზუგდიდელები დააჯილდოვა. წელს ეს სტატუსი ეროვნული სკოლის დამფუძნებელსა და მეათე საჯარო სკოლის დირექტორს ზური კუპრეიშვილს, კიკბოქსინგში სამგზის მსოფლიო ჩემპიონს დავით ქირიას, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ზუგდიდის ცენტრის უფროსს მარინა წულეისკირსა და ქორეოგრაფს რეზო ჩხეიძეს ერგოთ. ისინი სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა.

საპატიო მოქალაქეები ღონისძიებაზე გეგა შენგელიასთან ერთად ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ დააჯილდოვეს. მათ ზუგდიდის წინაშე განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი აქვთ ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის წინაშე, ღირსებულები, წარმატებულები და დიდი ამაგის მქონეები ქალაქისა და ქვეყნისთვის“, - აღნიშნა შენგელიამ.

საპატიო ზუგდიდელებს სიმბოლურად „ზუგდიდის გასაღები“, ღვთისმშობლის კვართის ხატი და სიგელები გადაეცათ. თავის მხრივ, დავით ქირიამ, მარინე წულეისკირმა და ზური კუპრეიშვილმა თანაქალაქელებს მადლობა გადაუხადეს. რეზო ჩხეიძე ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა, თუმცა გეგა შენგელიამ თქვა, მას პირადად დააჯილდოებს.

„ეს ნამდვილად იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ზუგდიდის საპატიო მოქალაქეობა და მადლობა ამისთვის“, - თქვა კუპრეიშვილმა.

დაჯილდოების ცერემონია დადიანების სასახლის ეზოში გაიმართა, სადაც ამ წუთებში თბილისის ბიგ ბენდისა და „ქართული ხმების“ კონცერტი ვლაქერნობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს.


საპატიო მოქალაქეები 2016 წელსაც, ზუგდიდობას დაასახელეს. მაშინ ეს ტიტული ექიმ ფრიდონ თოდუას, საზოგადოება "ზუგდიდელის" თავმჯდომარე ოთარ ფაცაციას, ქორეოგრაფს თამაზ მოსიას, საგანგებო სიტუაციებისა მართვის სამსახურის უფროსს თამაზ უბილავასა და მეეზოვე ზაირა-თამარ სალიას ერგოთ. 2017 წელს კი ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილს ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და სიმბოლური გასაღები გადასცა.

Print