ახალი ამბები
აფხაზური ოპოზიცია: ასლან ბჟანია პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებზე კენჭს არ იყრის. აფსადგილ ინფოს ცნობით, ამის შესახებ "ეროვნული მოძრაობა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად" შტაბის ხელმძღვანელმა თეიმურაზ ხიშბამ ბრიფინგზე ისაუბრა. ხიშბას ინფორმაციით, მათ ბჟანიას ბიომასალის ახალი კვლევის შედეგები მიიღეს, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება ოპოზიციის ლიდერის და მისი დაცვის ორი წევრის მოწამლვის ფაქტი. 

"გერმანიიდან მიღებული მონაცემების დასადასტურებლად, ბიომასალა გადაიგზავნა პოლონეთში, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ ასლან ბჟანია, კიასოუ დარსალია და ლევან ბჟანია მოწამლულები იყვნენ.  სამწუხაროდ, პოლიტიკური ტერორის ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დამტკიცდა", - თქვა ხიშბამ.

მან ასევე გააჟღერა ასლან ბჟანიას მიმართვა თანამოქალაქეებისადმი, სადაც ნათქვამია, რომ ბჟანია გერმანიაშო დაწყებულ სარეაბილიტაციო კურსს და მკურნალობას მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში აგრძელებს.

"შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, საკუთარი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის გამო, გადავწყვიტე არ წარვადგინო ჩემი კანდიდატურა აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე. არასდროს არ ვიყავი ძალაუფლების სურვილით შეპყრობილი. დესტრუქციული ძალების ქმედებამ ხელი შემიშალა ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში მიმეღო  მონაწილეობა. მას, ვინც ეს ჩაიფიქრა და განახორციელა, მიზნად ოპოზიციაში არეულობის შეტანა და გახლეჩვა  ჰქონდა, მაგრამ ოპოზიციური ძალები ერთიანი რჩება", - ნათქვამია ბჟანიას წერილში.

ამავე წერილში  ბჯანია მოქალაქეებს მადლობას უხდის და არჩევნებზე საკუთარი თანამოაზრის ალხას კვიცინიას კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ოპოზიციური გაერთიანეის ბრიფინგზე, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა დმიტრი დბარმაც. მისი თქმით, "ოპოზიცია ერთიანია როგორც არასდროს და აგრძელებს ბრძოლას, რომელსაც ასლან ბჟანია ლიდერობდა".

18 აპრილს აფხაზური ოპოზიციის ლიდერი მოწამლვის ნიშნებით მძიმე მდგომარეობაში მოსკოვის ერთ - ერთ კლინიკაში მოათავსეს. მსგავსი სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებაში ასევე გადაიყვანეს მისი დაცვის ორი წევრი კიასოუ დარსალია და ლევან ბჟანია.

ამავე თემაზე: 

აფხაზური ოპოზიციის ლიდერი მკურნალობას გერმანიაში გააგრძელებს

სოხუმში ოპოზიციამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები დაიწყო

აფხაზმა დეპუტატებმა არჩევნების გადავადებას დაუჭირეს მხარი

აფხაზური ოპოზიცია: ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

აფხაზური ოპოზიცია „პრეზიდენტობის კანდიდატად“ ასლან ბჟანიას წარადგენს


ფოტო: Медиа-клуб «Аҧсны.иахьа»



Print