რეგიონი
მერაბ ქვარაია: ვლაქერნობის უქმე დღედ გამოცხადებაზე შრომის კოდექსზე მუშაობისას ვიმსჯელებთ
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ამბობს, რომ ზუგდიდში ვლაქერნობის უქმე დღედ გამოცხადებაზე ახალი შრომის კოდექსის ფარგლებში იმსჯელებენ. როგორც ქვარაიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, მეუფის განცხადება დროულია და გადაწყვეტას საჭიროება.

“მეუფის ეს განცხადება არის მეტად საყურადღებო და ის გამომდინარეობს როგორც რელიგიური მოსაზრებიდან, ასევე პრაქტიკული საჭიროებიდან. ძალიან ბევრი ადამიანი, სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებს ჩამოსვლას ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულზე. საჭიროა ამ საკითხის საფუძვლიანად გააზრება. ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა ახალ შრომის კოდექსზე. ჩვენ ამ პროცესის ფარგლებში ვიმსჯელებთ უქმე დღეებთან დაკავშირებით, მათ შორის, შესაძლებელია, განვიხილოთ ევროპული პრაქტიკა თვითმმართველობის ფარგლებში უქმე დღის ჩანაცვლების შესახებ. ერთია, რომ საქართველო გამოირჩევა უქმე დღეების სიმრავლის, მეორეა ის, რომ საჭიროა ამ უქმე დღეების ხელახალი გადააზრება. ვფიქრობ ამ კონტექსში დროული იქნება აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა”, - აღნიშნა ქვარაიამ.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე მიიჩნევს, რომ ვლაქერნობის დღესასწაული, 15 ივლისი ზუგდიდში დასვენების დღედ უნდა გამოცხადდეს. ამის შესახებ ვლაქერნობას მან მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო ქადაგების დროს ისაუბრა. მისივე თქმით, დღესასწაულის სამუშაო დღეს დამთხვევის გამო ყველა მსურველმა ტაძარში მოსვლა ვერ მოახერხა. მის ინიციატივას მისაღებს უწოდებს ზუგდიდის მერი გიორგი შენგელიაც.

Print