ახალი ამბები
აფხაზური მედია: რაულ ხაჯიმბა ხელმეორედ იყრის კენჭს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. შესაბამისი დოკუმენტები „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ ჩაიბარა, წერს „აბხაზია ინფორმი“. ამავე ცნობით, პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის პროცესი 16 ივლისს დასრულდა.

ამ დროისათვის პრეზიდენტობის კანდიდატები ორმა პოლიტიკურმა პარტიამ „აკზაარამ“ (დე ფაქტო რესპუბლიკის შს ყოფილი მინისტრი - ლეონიდ ძიაპშბა) და „ამცახარამ“ (პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე - ალხას კვიცინია) წარადგინეს.

გარდა ამისა, საინიციატივო ჯგუფების მიერ „პრეზიდენტობის კანდიდატებად“ წარდგენილები არიან: შამილ არძინბა, არტურ ანქვაბი, ოლეგ არშბა, ალმას ჯაპუა, ასტამურ კაკალია, ასტამურ ოტირბა, ასტამურ ტარბა.

გამოცემის ცნობით, პარტია „ედინაია აბხაზიას“ პრეზიდენტობის კანდიდატად ოპოზიციური ძალების ლიდერის, პარლამენტის დეპუტატის ასლან ბჟანიას წარდგენა სურდა, თუმცა, იმის გამო, რომ ის „მოწამვლის შედეგად რეაბილიტაციის კურსს გერმანიაში გადის და შესაბამისად, ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, პარტიამ მისი კანდიდატურა არ წარადგინა“.

„პრეზიდენტობის“ კანდიდატების რეგისტრაცია, 2019 წლის 26 ივლისამდე უნდა დასრულდეს. საპრეზიდენტო არჩევნები დე ფაქტო რესპუბლიკაში 25 აგვისტოს გაიმართება.


Print