რეგიონი
პროექტის "ახალგაზრდების ჩართულობა’’ შემაჯამაბელი ფორუმი მესტიაში (ვიდეო/ფოტო)
ასოციაცია ,,ათინათის’’ პროექტი ,,ახალგაზრდების ჩართულობა“ დასრულდა და შემაჯამებელი ფორუმი მესტიაში, კოლეჯ ,,თეთნულდის’’ შენობაში ჩატარდა. შეხვედრაზე ახალგაზრდების მიერ პროექტში განხორციელებული ტრენინგ სემინარების და პროექტში ჩართული მოქალაქე ჟურნალისტების საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს, ასევე, განიხილეს პროექტის აქტივობები და მისი შედეგები.

პროექტის მონაწილეებს - სერტიფიკატები და საჩუქრები, ხოლო  მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს  თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.

"ათინათის" წარმომადგენლის სალომე გუგუჩიას თქმით, პროექტის განხორცილების შედეგად მოქალაქეებსა და საჯარო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გამოცდილება დაგროვდა, რის შედეგადაც მოგვარდა თემის გარკვეული პრობლემები.

,,ვფიქრობ, რომ პროექტი წარმატებული იყო და მადლობას ვუხდი ამერიკის საელჩოს, რომ მოგვცა შესაძლებლობა განგვეხორციელებინა ის. იმედი მაქვს, თემი, პროექტში ჩართული ახალგაზრდები და თვითმმართველობა თანამშრომლობას გააგრძელებენ’’, - ამბობს პროექტის მობილიზატორი სალომე გუგუჩია.

პროექტში ჩართული სამეგრელოს მუნიციპალიტეტები: მესტია, აბაშა, ჩხოროწყუ და წალენჯიხა. ფორუმს ესწრებოდნენ ოთხივე მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფის წევრები და ადგილობრივი ახალგზარდები.

,,ჩემთვის ეს პროექტი საინტერესო იყო, ვისწავლე ამბის მოძიება, პრობლემის ასახვა, გადაღება, მონტაჟი და მის ჟურნალისტურ პროდუქტად ქცევა.’’ - გვითხრა პროექტში ჩართულმა მოქალაქე ჟურნალისტმა ალექსი შამათავამ.

შეკერბილებმა პროექტი დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია.

ასოციაცი"ათინათმა" პროექტი ,,ახალგაზრდების ჩართულობა’’ 1 ოქტომბერს დაიწყო და ცხრა თვის განმავლობაში გაგრძელდა, პროექტის შედეგად ხელი შეეწყო ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და თვითმართველობასთან თანამშრომლობითი ურთიერთობის გაღრმავებას,მუნიციპალიტეტებში შეიქმნა ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები, რომლის წევრებმა პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნით შეძლეს თემში არსებული საჭიროებების გამოვლენა, მოკვლეულ საჭიროებებზე მოქალაქე ჟურნალისტებმა შექმნეს მასალები და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საკრებულოს წარუდგინეს პეტიციები.








Print