ახალი ამბები
„სამურზაყანოელ აბხაზთა საბჭო” : 400 – მდე გალელმა აფხაზური გვარი დაიბრუნა
გალის რაიონის 400 -ზე მეტმა მცხოვრებმა ძველი აფხაზური გვარი დაუბრუნა. ამის შესახებ „სამურზაყანოელ აბხაზთა საბჭოს“ თავმჯდომარის მოადგილე ედიშერ ზუხბამ გალში გამართულ მურზაყანელ აფხაზთა ყრილობაზე განაცხადა, წერს „აფხაზია ინფორმი“.მისი თქმით ამ მოქალაქეებს „ისტორიული სამართლიანობის აღდგენის საშუალება მიეცათ“. მან დააზუსტა, რომ საბჭოს შექმნიდან 5 წლის განმავლობაში ორგანიზაციას 900 - მდე ადამიანმა თავიანთი ძველი აფხაზური გვარების დაბრუნების თხოვნით მიმართა. ზუხბას თქმით, „საბჭო დაინტერესებულია, რომ გალის მცხოვრებლები რაც შეიძლება სწრაფად ინტეგრირდნენ აფხაზეთის ცხოვრებაში და აღიდგინონ ძველი აფხაზური გვარები“. გარდა ამისა, მისივე ცნობით, გალის რაიონში დაგეგმილია სკოლა -ინტერნატის შექმნა, სადაც ბავშვებს აფხაზურ ენას და აფხაზეთის ისტორიას შეასწავლიან.

გამოცემა წერს, რომ „გალის რაიონის მცხოვრებთა 95% „ეთნიკური ქართველები (მეგრელები) არიან, თუმცა, მათ კარგად იციან საკუთარი აფხაზური ფესვების შესახებ“. მათ შორის არიან აფხაზური წარმოშობის ისეთი გვარები, როგორიცაა: აბუხბაია, აგირბაია, ადზინბაია, აკიშბაია, ანჩაბაძე, არშბაია, არგუნია, ბაგბაია, ბუტბაია, გვაძბაია, ზვანბაია, ზუხბაია, ინალიშვილი, ქეცბაია, კირთბაია, ყოლბაია, კვაცბაია, ქავშბაია, კაკუბავა, ლაკერბაია, ეზუგბაია, ეშბაია და ა.შ.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭო“ 2014 წელს დაფუძნდა, მურზაყანელ აფხაზთა შთამომავლების ინტერესების დაცვის მიზნით. ორგანიზაციის თავმჯდომარედ თენგიზ ინალ - იფა აირჩიეს.

მურზაყანელ აფხაზთა ყრილობა 20 ივლისს გაიმართა და ის „ გალის დაარსებიდან 87 წლის იუბილეს მიეძღვნა“.

ამავე თემაზე: გალის რაიონში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭო“ შეიქმნა.



Print