ახალი ამბები
„მესტიაჭალაჰესის“ მიმდებარედ მდინარემ მანქანები წაიღო (ვიდეო)
ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიაში მყინვარ ჭალაადის მიმდებარედ, სადაც „მესტიაჭალაჰესის“ კონსტრუქციების მშენებლობა მიმდინარეობს, ადიდებულმა მდინარემ პრობლემები შექმნა. წყლის მასამ სავარაუდოდ, 10-მდე ავტომობილი წაიღო. მესტიის მკვიდრის დავით ფალიანის ინფორმაციით, ადიდებული მდინარე მშენებარე ჰესთან არსებულმა ხიდმა ვერ გადმოატარა. ფალიანი ამბობს, რომ არც წაღებული მანქანების რაოდენობის შესახებ იცის ვინმემ და არც ის, იყვნენ თუ არა ავტომობილებში ადამიანები.

„ეს ადგილი, ასე ვთქვთ, იყო სადგომი. ადგილი, რომელიც დაიტბორა, არის ჭალაადის მყინვარისკენ მიმავალი გზა, რომელიც ორ მდინარეს შორისა. აქ შენდება „მესტიაჭალაჰესის" კონსტრუქციები, მათ შორის, მდინარეებზე გადასასვლელი ხიდი, სწორედ ამ ხიდმა ვერ გადმოატარა ადიდებული მდინარე. ხიდი გადმოყირავებულია,  ორი მანქანა ვნახე ნახევრად ჩამარხული. იქ ასევე არის პატარა კაფე, სადაც მყოფმა ორმა ადამიანმა ძლივს მოასწრო, რომ არ ჩარჩენილიყო იქ. მოსახლეობა არ ცხოვრობს ახლოს, თუმცა ტურისტები იმყოფებოდნენ, რომლების გადმოყვანასაც ცდილობენ ახლა. როგორ მოახერხებენ, არ ვიცი, ორ მდინარეს შორის არიან. ამიტომაც ვიყავით ამ ჰესების წინააღმდეგ. ეს ისედაც რთული მდინარეა, მისი დამორჩილება შეუძლებელია“, - ამბობს დავით ფალიანი.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა როგორც რადიო „ათინათს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, მაშველები იქ მყოფი ტურისტების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა ცდილობენ. ამავე ინფორმაციით, მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

ადიდებულმა მდინარემ მესტიაში ასევე დააზიანა ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურა. 








Print