ახალი ამბები
ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალის დათვლა დაიწყეს. წალენჯიხის მერიაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზიანი 500 ათას ლარზე მეტია. ამავე ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე სახლი დატბორა, ხოლო სოფელ ობუჯში 70-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. აქ მდინარემ წლის მილები წაიღო.

„ამ დროის მონაცემებით ზარალი ნახევარ მილონ ლარზე მეტია. ამ დროისთვის არ წვიმს, მაგრამ სოფელ ობუჯში, სადაც ადიდებულმა მდინარემ წყლის მილები წაიღო, აღდგენით სამუშაოებს ვერ ვახორციელებთ, რადგან მდინარის დონე კვლავ მაღალია“, - ამბობენ წალენჯიხის მერიაში.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ არ იციან ჩხოროწყუში, რადგან როგორც მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ  განმარტა, შეტყობინებები ამ დრომდე შემოდის. მერის ცნობით, მნიშვნელოვანი ზიანი სამ სოფელს ახუთს, თაიასა და ნაკიანს მიადგა.

„ამ დროისთვის არ წვიმს, მაგრამ მუხურის მხარეს ვფიქრობ, რომ კვლავ გაწვიმდება. შეტყობინებები ამ დრომდე შემოდის. ასეული კვადრატი სიმინდის ყანები წაღებულია. წაქცეულია ერთი სახლიც, რომელსაც წვიმამ საძირკველი გამოაცალა“, - ამბობს გოგუა.

რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად  წალენჯიხისა და ჩხოროწყუს გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტიც დაზარალდა.




Print