ახალი ამბები
გარემოს ეროვნული სააგენტო: მესტიაში სტიქია ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, 25 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქია მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა, თანდართულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ, მდ. მესტია-ჭალის ხეობაში, კერძოდ მურყვამისა და ლეხზირის მყინვარებზე გამოიწვია ყინულოვან-მორენული მასის ჩამოშლა, რამაც გადაკეტა ხეობა და წარმოქმნა დროებითი ტბა, რომლის გარღვევის შედეგადაც მდ. მესტია-ჭალის ხეობაში განვითარდა უეცარი წყალმოვარდნა (მოვარდნილი ტალღის დონემ მდ. მესტია-ჭალის ჰიდროლოგიურ სადგურზე 70-დან 100 სმ-მდე მოიმატა).

წყლის დონის მატება გადაიზარდა ღვარცოფში. აღნიშნული მოვლენა განმეორდა 3-ჯერ, პირველი ტალღის წარმოქმნის დრო 7:00 სთ, მეორე - 14 :00 სთ და მესამე ტალღა 19:00 სთ-ზე განვითარდა, რომელმაც დააზიანა ინფრასტრუქტურული ობიექტები“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ამავე ცნობით, სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი მესტია-ჭალის ხეობაში იმყოფება და ტერიტორიას სწავლობს. ისინი დამცავი ღონისძიებების გასატარებლად რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

ამ ეტაპზე, სპეციალისტების განმარტებით, აღინიშნება მდ. მესტია-ჭალის წყლის დონის კლება.

ამავე თემაზე:

მესტიის მერი: კიდევ უფრო დიდ ზიანს „მესტიაჭალა ჰესის“ ინფრასტრუქტურამ გადაგვარჩინა



Print