რეგიონი
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გირაო შეეფარდათ
"თი ბი სი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ. გარდა ამისა, ხაზარაძე და ჯაფარიძე საქართველოს საზღვრებს საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე ვერ დატოვებენ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა დღევანდელ პროცესზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის გადახდის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი პროკურატურის ბრალდებებს აბსურდს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ერთადერთი დაზარალებული ამ შემთხვევაში "თიბისი ბანკია".

ადვოკატმა ზვიად კორძაძემ პროცესზე თქვა, რომ ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად მათ საზღვარგარეთ მიმოსვლა ხშირად უწევთ, შეზღუდვა კი ჯაფარიძისა და ხაზარაძის საქმიანობის აკრძალვას ნიშნავს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალად ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებათ.
Print