ახალი ამბები
სენაკის სამხედრო ბაზაზე დღეს სწავლება „მტკიცე სული 2019“ გაიხსნება
სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე დღეს სწავლება „მტკიცე სული 2019“ (Agile Spirit 2019) საზეიმოდ გაიხსნება. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში 14 ქვეყანა მონაწილეობს ის 9 აგვისტოს ჩათვლით სამ ლოკაციაზე - სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება.

სწავლება „მტკიცე სული“ საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“.

წვრთნა ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში.



Print