ახალი ამბები
სუბარი და დავითაშვილი: ჰესმა შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და მესტია დიდ ზარალს გადაარჩინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი მიიჩნევენ, რომ მესტიაჭალა ჰესმა შემაკავებული ფუნქცია შეასრულა და მესტია დიდ ზარალს გადაარჩინა. ამის შესახებ მათ სტიქიის ზონის დათვალიერების შემდეგ განაცხადეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან და ჰიდროლოგებთან ერთად, მურყვანის ხეობა და მყინვარებზე არსებული ვითარება ვერტმფრენიდან დაათვალიერა.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები, არსებული სიტუაციის დეტალურად შესწავლის მიზნით, ხეობაში სტიქიის პირველივე წუთებიდან იმყოფებიან. ამ ეტაპისთვის, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მასშტაბის პროცესის განმეორების რისკი ნაკლებია იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი გვალვა ან უხვი ნალექი არ გაგრძელდება. ასევე აღსანიშნავია, რომ სარისკო შეგუბება არსად არ ფიქსირდება. ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გადარჩენილია; თუმცა აღსანიშნავია, რომ ჰესმა შემაკავებელი ეფექტი მოხდინა და სტიქიის მასშტაბები დიდწილად შეამცირა“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია ექსპერტული დასკვნები და შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან რეკომენდაციები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ცნობით, სპეციალისტების მიერ ხეობის დეტალური დათვალიერების და დრონით გადაღებული მასალის გაანალიზების შედეგად, უახლოეს დღეებში, მომზადდება დასკვნა და გაიცემა რეკომენდაციები.

„სტიქიის შედეგად, ყველაზე მძიმე დარტყმა ჰესის ინფრასტრუქტურამ განიცადა; თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ დარტყმამ, ფაქტობრივად, გადაარჩინა მესტია დიდ ზარალს. ზარალის დათვლა ამ დროისათვის მიმდინარეობს. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა მნიშვნლოვანია; ეტაპობრივად აღნიშნული პროექტი საქართველოს მთელს ტერიტორიას დაფარავს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ადგილობრივების ნაწილი კი ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ სტიქიის ასეთი მასშტაბურობა მესტიაჭალას ხეობაში სწორედ ჰესის ჩადგმამ გამოიწვია.

სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო.


Print