ახალი ამბები
დაბა მესტიას წყლის მიწოდება აღუდგა
დაბა მესტიაში სტიქიის შედეგად დაზიანებული წყლის მილები შეაკეთეს და მოსახლეობას წყალმომარაგების მიწოდება აღუდგა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა. მისივე ინფორმაციით, ლეხზირის ხეობასა და მულახში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

"გუშინ საღამოს მილები უკვე შეკეთებული იყო, თუმცა წყალი უნდა გაეწმინდათ, ამიტომაც წყლის მიწოდება, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე აღდგა“, - ამბობს ჟორჟოლიანი.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია.

რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, მესტიაში მყინვარ ჭალაადის მიმდებარედ, სადაც „მესტიაჭალაჰესის“ კონსტრუქციების მშენებლობა მიმდინარეობს, ადიდებულმა მდინარემ პრობლემები შექმნა. წყლის მასამ, 10-მდე მანქანა წაიღო. დაზიანდა ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ჰესის ნაგებობი.

სტიქიის ზონა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა გუშინ დაათვალიერეს.


Print