ახალი ამბები
ანაკლიის განვითარების კონსორციუმში მამუკა ხაზარაძის შემცვლელის ვინაობა ცნობილია
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მისი სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პორტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე თვის ბოლოსთვის დაგეგმილი პარტნიორთა კრება გადადგომის შესახებ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის განცხადებებს დააკმაყოფილებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შესაყვანი პირების შესახებ.

„ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მე და ბადრი. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ორივე ჩვენგანთან დაკავშირებულმა პროცესებმა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაუსაბუთებელი და უსამართლოა ისინი, უარყოფითად არ იმოქმედოს ანაკლიის პორტის პროექტზე. ამიტომაც ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებსაც გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს - ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

კანდიდატთა დანიშვნასთან დაკავშირებული შესაბამისი კორპორაციული ფორმალობების გავლის შემდეგ, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მაიკლ ქაუგილი შეუდგება, რომელიც საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტია, ხოლო თედ ჯონასი და ჟან-პატრიკ ვუაზა საბჭოს რიგითი წევრები იქნებიან. პოსტებს ასევე შეინარჩუნებენ სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრები: ბობ მეიერი და დიმიტრი აბდუშელიშვილი.





Print