ახალი ამბები
სოჭში რაულ ხაჯიმბას ვლადიმირ პუტინი შეხვდა
სოჭში რუსეთის ფედერაციის და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა, წერს „აფსნიპრესი“. მხარეებმა ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამავე ცნობით, ვლადიმირ პუტინმა იმედი გამოთქვა, „რომ აფხაზეთში აგვისტოში დაგეგმილი არჩევნები, გაიმართება დემოკრატიული პრინციპების მკაცრი დაცვით და ხელს შეუწყობს სამომავლო სტაბილურობას“.

თავის მხრივ, რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ რუსეთის ფინანსური დახმარება, „აფხაზეთს ეკონომიკური განვითარების საშუალებას აძლევს“.  მისი თქმით, ეს განსაკუთრებით "სატრანსპორტო კომუნიკაციების, საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის საკითხებს ეხება".

მანამდე, რაულ ხაჯიმბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი იქნებოდა.

შეხვედრა სოჭში 6 აგვისტოს შედგა. ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები ხაჯიბამ და პუტინმა 2018 წლის ნოემბერში განიხილეს, ხოლო პირველი ოფიციალური შეხვედრა ასევე სოჭში, 2014 წლის ნოემბერში შედგა, რა დროსაც მოსკოვსა და სოხუმს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას“ მოეწერა ხელი.

ამავე თემაზე:

რაულ ხაჯიმბა: ვლადიმირ პუტინთან სოხუმის აეროპორტის საკითხს განვიხილავთ

რაულ ხაჯიმბა ვლადიმირ პუტინს შეხვდება




Print