ახალი ამბები
„გახარია, წადი“ - სტენსილისთვის ზუგდიდის მერიამ მოქალაქეები დააჯარიმა
ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებმა აქტივისტი მარიამ სიჭინავა თანმხლებ პირთან ერთად 500 ლარით დააჯარიმა. ოქმი მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წესის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გამოუწერეს. როგორც სიჭინავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, შემთხვევა წუხელ, დაახლოებით, 12 საათზე მოხდა.

„წუხელ გვიან ღამით ქალაქის ცენტრში სტენსილებს ვაკეთებდით. მეორე სკოლის მიმდებარედ განვათავსეთ და გამგეობისკენ როცა გადმოვედით, მოვიდნენ და გამოგვიწერეს ოქმი. სტენსილები გადაღებეს“, - გვითხრა სიჭინავამ. მისივე თქმით, საქმეზე სასამართლოში განაგრძობს დავას.

ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს შესაბამისი დოკუმენტი მოსთხოვეს, რომელიც მათ ვერ წარმოადგინეს.

„ახალგაზრდების ჯგუფი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ახდენდნენ უკანონო ქმედებას, რაზეც მათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებმა მოსთხოვეს ნებართვის დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის არქონის საფუძველზე, ზედამხედველობის ჯგუფმა ადგილზე შეადგინა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას და დაწესებას, ეს სასამართლოს პრეროგატივაა, დაუწესებს თუ არა მათ გადასახადს“, - გვითხრეს მერიაში.

რადიო "ათინათის" კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა არასამუშაო დროს ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური ადგილზე, მერიაში გვიპასუხეს, რომ წარმომადგენლები მორიგ შემოვლას აწარმოებდნენ ქალაქის ტერიტორიაზე . მერიაში ასევე ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახური სისტემატურად ახორციელებს ასეთ შემოვლას, არა მარტო ქალაქის ტერიტორიაზე, არამედ ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის თანამშრომლებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრ გიორგი ფიფია გიორგი გახარიას გამოსახულებით ბანერის გადმოფენისთვის 4 ივლისს დააჯარიმეს.

ადრე ამავე  კორპუსიდან სამოქალაქო აქტივისტებმა პუტინის საწინააღმდეგო ბანერი დაკიდეს. ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს ჟურნალისტებმა ვკითხეთ, რატომ არ მოახდინეს რეაგირება აღნიშნულ შემთხვევაზე, რაზეც იაგო ქირიამ გვიპასუხა, რომ შაბათ-კვირას შესაბამისი სამსახური მხოლოდ შეტყობინებების საფუძველზე მუშაობს.

Print