რეგიონი
ზუგდიდში მემორიალის ავტორი ქანდაკების შინაარსს განმარტავს
ზუგდიდში, სკეიტ პარკში დადგმული აგვისტოს ომის გმირების მემორიალის ავტორი ჯუმბერ ჯიქია მრავალკომპოზიციური ქანდაკების შინაარსს განმარტავს. მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მერიისგან გამოყოფილი თანხა ბრინჯაოს ქანდაკების შესაქმნელად მიზერული იყო.

რაც შეეხება შინაარსს, მოქანდაკის განცხადებით, მემორიალი ზოგადად მეომრების ხსოვნის პატივისცემას გამოხატავს და არა კონკრეტულად ინდივიდების.

„სტელაზეა რელიეფები გამოსახული, რაც გამოხატავს მეომრებს, ოთხი ერთი, ოთხი მეორე მხრიდან. ფასადის მხრიდან 2008 წლის მეომრები გამოვსახეთ, უკან არიან ძველი მებრძოლები, რომლების ოქროს გვირგვინს ადგამენ მათ და ეს მათი მარადიული ხსოვნაა. ქალბატონ მზიას აქვს პრეტენზია, რომ ჩექმები აცვიათ. ეს ასე არაა, მათ აცვიათ მოკლე, აბსტრაგირებული „ბატინკის“ ტიპის ჩასაცმელი, მინიშნებულია თასმებით, სამხრე კი დეკორის გაგრძელებაა“, - განმარტავს ჯიქია.

მისივე თქმით, მან კონკურსის იმ პირობების შესაბამისად გაიმარჯვა, რაც მერიას ჰქონდა შეთავაზებული. აგვისტოს ომის გმირის სერგო გორიაზიას დედის მზია გოროზიას პრეტენზიას, რომ ქანდაკება არა ბეტონისაა, არამედ ბრინჯაოსი, ჯიქია ამბობს, რომ მის შექმნას შეთავაზებულ თანხაზე ორჯერ მეტი სჭირდება.

„იმ თანხით, რაც იყო შემოთავაზებული, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საჩუქარი ქალაქისთვის. ბეტონი დამოკიდებულია თანხაზე, მერიამ რა თანხაც დადო, ამ თანხაზე გაიწერა, მთელი ეს კომპოზიცია. ეს ქანდაკება საკმაოდ აღემატება იმ თანხას, რა თანხითაც ეს გაკეთდა“, - დასძენს ჯიქია.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სერგო გოროზიას დედა მზია გოროზია მიიჩნევს, რომ სკეიტ-პარკში დადგმული ომის გმირების მემორიალი მებრძოლების პატივისცემის ნაცვლად მათი შეურაცხყოფაა. მზია გოროზიამ რადიო„ათინათს“ უთხრა, რომ მას მემორიალი რამდენიმე მიზეზის გამო არ მოსწონს. პირველ რიგში, გოროზიასთვის კატეგორიულად მიუღებელია ბეტონის ქანდაკება და მემორიალის დეტალები.

მემორიალის გახსნა დღეს, აგვისტოს ომის 11 წლისთავზეა დაგეგმილი. პროექტისთვის ზუგდიდის ბიუჯეტიდან 14 984 ლარი გამოიყო.



Print