ახალი ამბები
ზუგდიდში მემორიალი აგვისტოს ომის გმირის შვილმა გახსნა (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდის სკეიტ-პარკში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი ბადრი ბერანძის შვილმა სამეგრელოს გუბერნატორთან და ზუგდიდის მერთად ერთად გახსნა.
„დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული და თან სიამაყის დღეა. ქედას ვიხრი ჩვენი ჯარისკაცების წინაშე და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო გამთლიანდება, როგორც მათ სურდათ“, - თქვა ბადრი ბერანძის მეუღლემ ლინდა გეგეშიძემ.

ღონისძიებას ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესია აგვისტოს ომი, როცა ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ გახდა რუსული აგრესიის მსხვერპლი. თითოეული ჩვენგანისთვის არის უაღრესად მტკივნეული, ამავე დროს, ჩვენი ბიჭების მხრიდან მომავალი თაობისთვის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო. რუსეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტი და აგრესორია, რომელიც ეწევა ფარულ და აშკარა ომს. სხვა საკითხია, როგორ შეიძლებოდა საქართველოს ახლა და წარსულში აეცილებინა ის, რაც მოხდა. რუსეთმა დაიწყო ომი, თუმცა, ალბათ, შეიძლებოდა, უფრო ფრთხილი მოქმედებით აგვეცილებინა ეს აშკარა დაპირისპირება, როგორც დღეს, როცა რუსული ჯარი ჩვენს ტერიტორიაზეა, თუმცა არ გვაქვს შეიარაღებული დაპირისპირება“, - განაცხადა გუბერნატორმა.

გმირების ხსოვნას პატივი მიაგო ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამაც.

„ჩვენი უახლესი ისტორიის უმძიმესი დღეა. ჩვენი გმირების უკვდავსაყოფად გავხსენით მონუმენტი, რომელიც კიდევ ერთხე ხაზს უსვამს ამ ძვირფასი ადამიანების ღვაწლს სამშობლოს წინაშე. მე მინდა ქედი მოვიხარო მათ წინაშე და მადლობა გადავუხადო ღვაწლისა და თავდადებისთვის. საქართველოს ტერიტორიების ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ყველა ვთანხმდებით ამაზე, ასე რომ, ბუნებრივია, ომი 2008 წელს რუსეთის მიერ იყო ინიცირებული“, - აღნიშნა შენგელიამ.

აგვისტოს ომიდან დღეს 11 წელი გავიდა. ზუგდიდიდან ომს 4 ჯარისკაცი ემსხვერპლა: კაპიტანი კობა სერგია და კაპრალები ბადრი ბერანძე, სერგეი გოროზია და დავით ჯიქია 8 აგვისტოს გმირულად დაიღუპნენ.



Print