ახალი ამბები
ცენტრ "აფხაზეთსა“ და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა (ვიდეო) ®
ზუგდიდში საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთს“ (CHCA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ცენტრ „აფხაზეთის“ დირექტორის ნუკრი მილორავას თქმით, მემორანდუმის მიზანია იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საარსებო პირობების გაუმჯობესება. გარდა ამისა, მისვე განმარტებით, პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ  ტრენინგები, რაც მათ თავიანთი საქმიანობისა და ბიზნესის უკეთ წარმოებაში დაეხმარება.

„ეს მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობით რესურსების გაერთიანებას, რაც მიზნად ისახავს დევნილებისთვის უზრუნველყოფილ, გრძელვადიან საცხოვრებო პირობებს, შემოსავლების გაზრდას და განვითარებას. საქართველოს მასშტაბით 40-მდე დევნილი მიიღებს ეკონომიკურ რესურსს იმისთვის, რომ აწარმოოს თავისი ეკონომიკური საქმიანობა, თუ ბიზნესი. თუმცა მათ რესურსთან ერთად აუცილებად სჭირდებათ ის უნარები და ცოდნა, რომელიც დაეხმარება ამ რესურსების სწორად გამოყენებაში. სწორედ ამიტომ, მათ უტარდება ტრენინგები. შემდეგ კი მათ ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან ბიზნესგეგმის შევსებაში და გაუწევენ კონსულტაციას“, - ამბობს მილორავა.

მემორანდუმს ხელი  საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გავაშელმა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA) დირექტორმა ნუკრი მილორავამ მოაწერეს. გავაშელის ინფორმაციით, ტრენინგების გარდა პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს მექანიზაციის საშუალებები, კულტივატორი, მინი ტრაქტორი და  მრავალწლიანი კულტურის  ნერგები გადაეცემათ.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენი ქვეყნისთვის რაც სიმბოლურად დაემთხვა 8 აგვისტოს. ამ მემორანდუმის ხელმოწერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ დევნილთა თემატიკა აქტუალურია, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე არასამთავრობო სექტორისთვის. მემორანდუმი მიზნად ისახავს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსური რესურსების გამოყენებით დევნილთათვის უფრო მეტი სიკეთის მოტანას.  მემორანდუმი, ასევე მიზნად ისახავს მათ ჩართვას სხვადასხვა ღონისძიებებში. ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც განსახლებულ დევნილებს გადაეცემათ მექანიზაციის საშუალებები, კულტივატორი, მინი ტრაქტორი, მრავალწლიანი კულტურის  ნერგები და სურსათის პირველადი წარმოება-გადამუშავებასთან დაკავშირებული ინიციატივებისთვის საჭიროა ტექნიკა“, - აღნიშნა გავაშელმა.

ცენტრი „აფხაზეთი“ პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამ ეტაპზე 5 მიმდინარე პროექტი აქვს. პროექტების ბენეფიციარები არიან დევნილები, მასპინძელი თემი, გამყოფი ხაზის გასწვრივ მოქმედი მეწარმეები, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები, ადგილობრივი ორგანიზაციები და სხვა.









Print