ახალი ამბები
ზუგდიდელებს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის სიახლეები გააცნეს (ვიდეო)
ზუგდიდში, პარლამენტის წევრებმა და ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ადგილობრივ ბიზნესმენებს ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონით დადგენილი ცვლილებები გააცნეს.
როგორც დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ კანონმდებლებსა და საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს შორის კანონის უფრო ეფექტური მუშაობისთვის კომუნიკაცია შედგეს.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ მიღებული კანონის განხორციელებაზე ვმუშაობთ, რომ ახალი სტანდარტები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. გვჭირდება კომუნიკაცია ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომ გვქონდეს თანამშრომლობა მათთან და მოვახერხოთ სრულფასოვნად და ეფექტურად კანონის განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მიიჩნევს, რომ ზუგდიდშიც, ისევე, როგორც მთელს ქვეყანაში, საჭიროა, ხალხმა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს.

„აუცილებელია, რომ იყოს გამკაცრებული ნორმების კონტროლი, რათა თითოეული ადამიანის უფლება იყოს მაქსიმალურად დაცული. ინფორმაციის მიღება კი ხელს შეუწყობს, რომ შრომის პროცესში დასაქმებულის სიცოცხლე და უსაფრთხოება დაცული იყოს“, - დასძინა ქვარაიამ.

დამსწრეებს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციაც მიაწოდეს. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მათ შორის, მხარის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია დაესწრნენ.

2019 წლის მიღებული ორგანული კანონის თანახმად, შრომის უსაფრთხოების მოქმედების არეალი შეუზღუდავი გახდა და გავრცელდა ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე და საჯარო სექტორზე (2019 წლის 1 სექტემბრიდან).

ცვლილებების თანახმად, შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილი გახდა წინასწარი შეტყობინების გარეშე და სასამართლო ნებართვის გარეშე, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე (2019 წლის 1 სექტემბრიდან). კანონში ასევე დადგინდა ეფექტური და დიფერენცირებული სანქციები, რომელთა მოცულობა მერყეობს 100 ლარიდან 50,000 ლარამდე, დარღვევისა ხარისხისა და შემოწმებული კომპანიის მოცულობის შესაბამისად. მდგომარეობის კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ინსპექტორს ეძლევა სამუშაო პროცესის შეჩერების უფლებაც, რაც შემდგომში სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დადასტურდეს.

შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.




Print