ახალი ამბები
ნიკოლოზ ანთიძე უშგულელების პროტესტზე: ეს კომპლექსური პრობლემაა და მოგვარებას ვცდილობთ
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, სვანეთში ძეგლების პრობლემა კრიტიკულია და კომპლექსურ გადაწყვეტას საჭიროებს. ამის შესახებ ანთიძემ რადიო „ათინათს“ უთხრა. მისივე თქმით, სვანეთში 160 ძეგლი უნდა რეაბილიტირდეს, თუმცა ამას დრო სჭირდება.

„წელს დაიწყო ფართომასშტაბიანი პროექტი, 22 ძეგლისთვის მილიონ 400 ათასი ლარია გამოყოფილი, ჩიჟაშის რეაბილიტაციას თუ არ ჩავთვლით. ყველამ ძალიან კარგად ვიცით პრობლემა და მუდმივად ვცდილობთ მათ გამოსწორებას. არსებობს ხუთწლიანი, 10 მილიონიანი პროგრამა, რომ ყველაზე მთავარი პრობლემები გადაწყდეს სვანეთში, ტენდერში გამარჯვებულიც გამოვლენილია და ყველა თემში დაწყებულია სამუშაოები. 160 ძეგლის ერთდროული რეაბილიტაცია გამორიცხულია. ამას სჭირდება დრო, ადამიანური, ფინანსური რესურსი და თანმიმდევრული მოქმედება. რაც შეეხება ჩანქსელიანების კოშკს, მე დავალებული მაქვს, რომ გაწმენდითი სამუშაოების ბიუჯეტი დათვალონ, რის შემდეგაც გამოიყოფა თანხა, სამუშაოები დაიწყება, პროექტი მომზადდება და მომავალ წელს აღდგება“, - გვითხრა ანთიძემ.

უშგულში აქცია, დაახლოებით, ერთი საათია მიმდინარეობს. ადგილობრივები ზვავსაშიში ზონის გამაგრებასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ითხოვენ.



Print