ახალი ამბები
ბესლან ეშბა: ენგურზე სრულყოფილი საბაჟო საგუშაგო უნდა მოეწყოს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ვიცე - პრემიერმა და „პრეზიდენტობის“კანდიდატის - ალხას კვიცინიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბესლან ეშბამ განაცხადა, რომ „ქვეყანაში კონტრაბანდის შემოდინების თავიდან ასაცილებლად, საქართველოსთან საზღვარზე სიტუაციაა მოსაწესრიგებელი“. ამის შესახებ მან „აფსადგილ ინფოს“ უთხრა.

„ჩვენ ვერ შევძელით ქართულ - აფხაზური საზღვრის მთლიანად ჩაკეტვა. კონტრაბანდა შემოდის, შემდეგ ეს საქონელი აფხაზურ- რუსულ საზღვარზე მიდის. ჩვენ ქვეყანაში შეიძლება დავუშვათ ასეთი რამ, ეს ჩვენი საქმეა, თუმცა, ჩვენი მეზობელი რუსეთი, ამას ვერასოდეს გაიგებს",– ამბობს ეშბა.

მისი თქმით, 2014 წელს ხელი მოეწერა რუსულ - აფხაზურ შეთანხმებას, რომელიც ინვესტიციების ხელშეწყობას და სავაჭრო რეჟიმის გამარტივებას გულისხმობს, ასევე, მომავალში ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას. თუმცა, პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ამაზე „საუბარი ზედმეტია, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს და არ დაარეგულირებს სიტუაციას ქართულ-აფხაზურ საზღვარზე“.

ეშბა აცხადებს, რომ „საქართველოდან საქონლის შემოდინება სერიოზული პრობლემაა და ენგურზე „სრულყოფილი საბაჟო საგუშაგო უნდა მოეწყოს საქონლის ნაკადების გასაკონტროლებლად“.




Print