ახალი ამბები
ქალაქის მაჟორიტარი მერიასა და საკრებულოში საკონსულტაციო ოთახის შექმნას ითხოვს (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ ადგილობრივ თვითმმართველობაში საკონსულტაციო ოთახი შეიქმნება. ამის შესახებ მან საკრებულოს დეპუტატებთან შეხვედრაზე ისაუბრა. ქვარაიამ საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას მიმართა და აღნიშნა, რომ ხშირად მოქალაქეებს პროგრამების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„კარგი და ეფექტური იქნება, თუ თვითმმართველობაში გაკეთდება საკონსულტაციო ოთახი, ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომელიც ძალიან მარტივად, მოქნილად მიაწვდის ინფორმაციას დაინტერესებულ მოქალაქეს, დაეხმარება მათ პროექტის მომზადებაში, რადგან ცოდნა არის არასაკმარისი და პრაქტიკულად, ეს იქნება დამხმარე რგოლი ამ პროგრამებსა და მოქალაქეებს შორის“, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.

მისი ინიციატივა საკრებულოს თავმჯდომარემ მოიწონა.

დეპუტატებმა მერაბ ქვარაიას უთხრეს, რომ ძირითადად პრობლემები უძრავ ქონებას უკავშირდება. ისინი ამბობენ, რომ მიწის ნაკვეთებისა და შენობების ნაწილი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, გამოუყენებელია, რაც მოსახლეობასა და თვითმმართველობას ეფექტურად მუშაობის საშუალებას არ აძლევს.

„პრობლემები ეხება როგორც ქონების საკითხებს, მიწის საკითხებს, ასევე, სტატისტიკის ადგილობრივი რგოლის არსებობის მნიშვნელობასა და სხვა ადგილობრივი ტიპის სისტემურ საკითხებს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის გამოწვევა და ვფიქრობთ, რომ ქვეყნის კურსი დეცენტრალიზაციის მიმართულებით და დოკუმენტი, რომელზეც ვმუშაობთ, სწორედ მათ მოგვარებას ითვალისწინებს. ჩვენი ქვეყანა არის მნიშვნელოვანი რევოლუციური რეფორმის მიჯნაზე და თვითმმართველობის სტრატეგია, რომლის განხილვასაც დავიწყებთ საშემოდგომო სესიაზე, იქნება სწორედ ის გამყოფი, როდესაც მეტი უფლებები მიეცემა თვითმმართველობებს, მეტი შესაძლებლობები ჩვენი რეგიონების განვითარებისთვის“, - აღნიშნა ქვარაიამ.

მაჟორიტარი საკრებულოს დეპუტატებს დღეს შეხვდა.



Print