ახალი ამბები
სოხუმმა „აფხაზეთის ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობის გეოსაინფორმაციო სისტემა“ ჩაუშვა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ „აფხაზეთის გეოსაინფორმაციო სისტემის“ პრეზენტაცია მოაწყო. პროექტი მიზნად ისახავს „აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ინვენტარიზაციას, 2016-2019 წლებში“, წერს „აფხაზია ინფორმი“.

„კულტურის მინისტრმა“ ელვირა არსალიამ გამოცემას განუცხადა, რომ 2017 წლიდან სამ ისტორიულ - კულტურულ ნაკრძალს „სახელმწიფო დაწესებულების“ სტატუსი მიენიჭა და დღეს ისინი ნაწილობრივ, „რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან“. მისივე ცნობით, ახლო მომავალში, „მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცების შემდეგ, სახელმწიფო ისტორიულ - კულტურული ნაკრძალის სტატუსი კიდევ 25 ობიექტს მიენიჭება“.

„კულტურის მინისტრის“ მოადგილემ ბატალ კობახიამ აღნიშნა, რომ ობიექტების აღდგენა, რუსული დაფინანსების ხარჯზე ხდება, თუმცა, ამიერიდან, პროექტები მხოლოდ აფხაზი ექსპერტების დასკვნის შემდეგ განხორციელდება“.

„სახელმწიფოს მიერ დაცულ ყოველ ობიექტს ექნება საკუთარი პასპორტი ტექნიკური მდგომარების შესახებ. არც ერთი ობიექტის რეკონსტრუქცია არ მოხდება, სპეციალური ნებართვის გარეშე“, - განაცხადა კობახიამ. 

„აფხაზეთის გეოსაინფორმაციო სისტემა“ განთავსებულია უწყების ვებგვერდზე.

Print