ახალი ამბები
ნოსირში ავტოავარიისას დაშავებული ორი მამაკაცი კლინიკაში რჩება
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავებული ორი ახალგაზრდა მამაკაცი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. როგორც რადიო „ათინათს“ კლინიკა „არქიმედეს“ მენეჯერმა მარეხ ადანაიამ უთხრა ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„აღენიშნებათ მრავლობითი დაზიანებები და ამ ეტაპზე, სტაბილურად მძიმეა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც შეეხება მესამე მამაკაცს, რომელსაც, შედარებით მსუბუქი ტრავმები ჰქონდა, მან კლინიკა საკუთარი სურვილით გუშინვე დატოვა“, - აღნიშნა ადანაიამ.

ნოსირთან ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს გუშინ შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე მანქანა აალდა და დაიწვა, ერთ-ერთ მათგანში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიწვა, მეორე ავტომობილში მყოფები კი დაშავდნენ. ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


Print