ახალი ამბები
ასლან ბასარია: აფხაზური კანონმდებლობის მიხედვით, ენგურჰესი აფხაზეთის საკუთრებაა

კომპანია „ჩერნომორენერგოს“ დირექტორმა უარყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატის ბრალდებები საწარმოს უკანონო საქმიანობის შესახებ.

ასლან ბასარიამ ალმას ჯაპუას შესაბამის საჯარო განცხადებას პრესკონფერენციაზე უპასუხა და ჰიდროელექტროსადგურის ირგვლივ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა:

„უნდა შეგახსენოთ, რომ ენგურჰესის კომპლექსის ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, ამასთან კომპლექსის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით ორივე ქვეყანა სარგებლობს. ამ უნიკალურ სიტუაციასთან დაკავშირებით, ორი ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყანა იძულებულია ერთი ობიექტის ექსპლუატაცია მოახდინოს. შესაბამისად, 26 წლის განმავლობაში არსებობს სათუთი „ენერგეტიკული მშვიდობა“ აფხაზეთსა და საქართველოს შორის, იმისთვის, რომ ორივე ქვეყანამ შეძლოს ამ კომპლექსის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით სარგებლობა“, - აღნიშნა ბასარიამ. 

საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის განცხადების კომენტირებისას „ჩერნომორენერგოს“ დირექტორმა განაცხადა:  „რატომ ხდება ისე, რომ ყოველ 5 წელიწადში, სწორედ არჩევნების წინ, ზოგიერთ პირს ახსენდება რომ ენგურჰესი „ჩერნომორენერგოს“ ბალანსზე არ არის? ეს ფაქტი ხომ არავისთვის აფხაზეთში სიახლეს არ წარმოადგენს. იმის მიუხედავად, თუ ვის ბალანსზეა ენგურჰესის კომპლექსი, ჰიდროელექტროსადგური აფხაზეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1992 წლის დადგენილებით, აფხაზეთის საკუთრებას წარმოადგენს. რესპუბლიკური საკუთრების მართვას და განკარგვას ახორციელებს აფხაზეთის მთავრობა. აქედან გამომდინარე, თუ „ჩერნომორენერგოს“ დაავალებენ, გადაიყვანოს ენგურჰესი თავის ბალანსზე, ჩვენ ამას გავაკეთებთ. თუმცა, ასეთი ობიექტის ბალანსზე გადაყვანა კოლოსალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამასთან ერთად, უნდა, უნდა გვახსოვდეს, რომე უნდა მოვახერხოთ ბალანსზე ისეთი კომპლექსის გადაყვანა, რომლის ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. ჩვენი ქვეყნის მთავრობას არ ეყოფა თანხები ასეთი მსხვილი საწარმოს ექსპლუატაციისთვის“, - ამბობს ენერგეტიკოსი.

მისი განმარტებით, „სადგურის შენახვა „ჩერნომორენერგოს“ წელიწადში 1 მილიარდი რუბლი დაუჯდება. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტიდან მიღებული ბოლო დოტაცია 15 მილიონ რუბლს შეადგენდა, ეს ელექტროენერგიაზე გადასახადის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს“.

ასლან ბასარიას თქმით, „ჩერნომორენერგოსა“ და ენგურჰესს შორის ჩამოყალიბდა სახელშეკრულებო შეთანხმება, „გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, და საქართველოს მხარის ყველა განცხადება, მათ შორის, დოკუმენტის სახით არსებული, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული ობიექტი არის საქართველოს ან რომელიმე ქართული კომპანიის ობიექტი, წარმოადგენს ფიქციას, რომელსაც არავითარი ძალა არა აქვს აფხაზეთის ტერიტორიაზე“.

ბასარიას თქმით, „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენლები ყველა მოლაპარაკებას ენგურჰესთან დაკავშირებით აწარმოებენ მხოლოდ ოფიციალურ პირებთან, რომლებიც საქართველოს ენერგეტიკას და ეკონომიკას წარმოადგენენ. 

ჯაპუას ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ელექტროენერგიის გათიშვის დროს, საქართველო აფხაზეთისთვის ყიდულობს ელექტროენერგიას რუსეთისგან, ბასარია ასე პასუხობს:

„ურთიერთქმედების სისტემა ასეთ შემთხვევებში მოქცეულია აფხაზეთ - რუსეთის სახელმწიფოთაშორისი კომისიის სიბრტყეში, რომელსაც აფხაზური მხარე აფინანსებს. იშვიათ შემთხვევებში, საქართველოც ყიდულობს ელექტროენერგიას რუსეთისგან საკუთარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად». 

გარდა ამისა, აფხაზმა ენერგეტიკოსმა აღნიშნა, რომ აღნიშა, რომ ვარდნილ ჰესებიდან მიღებული ელექტროენერგია, რომელიც „ჩერნომორენერგოს“ ბალანსზეა, აფხაზეთს რჩება და არ იყიდება უცხოელ მომხმარებლებზე.„ჩვენ ვიღებთ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს და მეტსაც და ზედმეტი არაფერი რჩება. ჯაპუას განცხადება იმის შესახებ, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი, კანონიერი გზების ავლით, თურქეთსა და რუსეთში მიდის, სრული სიცრუეა“, - განაცხადა ასლან ბასარიამ. 

მან აღნიშნა, რომ დეპუტატის განცხადებები მოკლებულია არგუმენტებს და მისი ეჭვები , მხოლოდ ერთი ადამიანის დასკვნებს ეფუძნება.



 

Print