ახალი ამბები
დაურ კოვე: იმის მტკიცება, რომ აიბგა რუსეთის ტერიტორიაზეა - დეზინფორმაციაა
საუბარი იმაზე, რომ აიბგა დღეს რუსეთის შემადგენლობაშია - დეზინფორმაციაა, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ეხო კავკაზას“ განუცხადა. დაურ კოვეს თქმით, „სოფელ აიბგას საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია - დემარკაციის რუსეთ - აფხაზეთის ერთობლივი კომისიის კომპეტენციაშია".

„დასახლებული პუნქტის აიბგას ნაწილი რუსეთის ტერიტორიაზეა განლაგებული და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ თუ ის რუსული კარტოგრაფიის ჩამონათვალში შედის. რაც შეეხება იმ აიბგას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა, ის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა და ჩვენი იურისდიქციის ქვეშ ექცევა“ , - ამბობს დაურ კოვე. 

აფხაზი დიპლომატი საქართველოს საგარეო უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ "საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი მონაკვეთების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი ოკუპაციის პირობებში ვერ განხორციელდება. აქედან გამომდინარე, რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ნებისმიერ შეთანხმებას არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს".

ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აიბგას მთის კალთაზე მდებარე გაგრის რაიონის ნაწილი რუსეთის რეესტრის ბაზაში შეტანილია, როგორც რუსეთის ტერიტორია.

ამავე თემაზე:

საგარეო საქმეთა სამინისტრო: აიბგას რუსეთის ტერიტორიად გაფორმება ანექსიის პროცესის გაგრძელებაა

გაგრის სოფელი აიბგა „როსრეესტრში“ მითითებულია, როგორც რუსეთის ტერიტორია



Print