ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში ხვალ „საპრეზიდენტო არჩევნები“ ჩატარდება
25 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება "საპრეზიდენტო არჩევნებს" ჩაატარებს. მასში 9 კანდიდატი - შამილ აძინბა, არტურ ანქვაბი, ოლეგ არშბა, ალმას ჯაპუა, ასტამურ კაკალია,ასტამურ ტარბა, ალხას კვიცინია, ლეონიდ ლაკერბაია და ასევე "მოქმედი პრეზიდენტი" რაულ ხაჯიმბა მიიღებს მონაწილოებას. ოკუპირებულ რეგიონში სულ 152 საარჩევნო უბანი იქნება. უბნები ასევე გაიხსნება რუსეთის ფედერაციაში.

"ცენტრალური საარჩევნო კომისიის" ცნობით, სოხუმში 50 საერთაშორისო დამკვირვებელი ჩავა, მათ შორის, რუსეთის სახელმწიფო დუმის 7 დეპუტატი და 4 სენატორი, რუსეთ-ბელორუსის საპარლამენტო კრების სამი წარმომადგენელი. არჩევნებზე დაკვირვების სურვილი ასევე გამოთქვეს ნიკარაგუას ელჩმა რუსეთის ფედერაციაში, ალბა ასუსენა ტორესმა, ბუნდესტაგის დეპუტატებმა, ვენესუელას, ასევე თურქეთის და ბელგიის საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა. "არჩევნების" უსაფრთხოებას კი 700 მდე სამართალდამცავი უზრუნველყოფს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტს" 5 წლის ვადით ირჩევენ. ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 2016 წელს გაცემული "აფხაზური პასპორტის" მფლობელებს აქვთ.

Print