ახალი ამბები
რაულ ხაჯიმბა სალომე ზურაბიშვილის კომენტარზე: არცერთ მათ განცხადებას ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს
სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც "საპრეზიდენტო არჩევნების" შედეგები განიხილეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა, წერს "ეხო კავკაზა". 

„იცით, აღნიშნულ სიტუაციაში მე საქართველო საერთოდ არ მაინტერესებს. არცერთ მათ განცხადებას ჩვენი სახელმწიფოსთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს“, - უთხრა რაულ ხაჯიმბამ ჟურნალისტებს.

მან ასევე დასძინა, რომ „აფხაზეთს ჰყავს მოკავშირე - რუსეთის ფედერაცია, რომელთანაც რესპუბლიკა თანამშრომლობს, სხვა ყველაფერი მისთვის მხოლოდ „ცარიელი სიტყვებია“.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა : „მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება. ჩემი უმთავრესი სურვილი და უდიდესი მიზანია, ეს მოხდეს უახლოეს მომავალში, ჩემი პრეზიდენტობის ვადაში, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა გზას და საშუალებას“. მისი თქმით, „ქართველთა გარეშე აფხაზთა და ოსთა ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენა ვერ მოხდება“.


Print