ახალი ამბები
გალის რაიონში თხილის კარგ მოსავალს ელოდებიან
გალში თხილის მოსავლის აღება სრულდება. გალის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს აგრონომის ლერი შონიას განცხადებით, მოსახლეობა წლევანდელი მოსავლით კმაყოფილია.

"მოსავლის 70-80% ავიღეთ. ყველგან, სადაც პლანტაციები შეწამლეს, კარგი მოსავალი მივიღეთ. მიმდინარე წელს გალის რაიონში 5 - 6 ტონა თხილის მოსავალს ელოდებიან", - თქვა შონიამ.

"აიაირას" ცნობით, 2014-2015 წლებში გალის რაიონის მოსახლეობა 7-8 ტონამდე თხილს კრეფდა. სპეციალისტის თქმით, ჩატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო."თუკი ადრე გალის ბაზარში ხალხი ნაკლებად იყო, დღესდღეობით, ბაზრის დღეებში, მაღაზიებთან რიგები დგას, ხალხს ფული გაუჩნდა, თხილი - შემოსავლის მთავარი წყაროა მათთვის", - ამბობს შონია.
Print