ახალი ამბები
თამაზ ძიაპშიპას ფერფლს შვილები თბილისსა და სოხუმში დაკრძალავენ
"კრემაციის შემდეგ ფერფლის ნახევარი თბილისში დაკრძალეთ და ნახევარი სოხუმში", - ამის შესახებ გარდაცვალებამდე შვილებს თამაზ ძიაპშიპამ სთხოვა. 57 წლის მამაკაცი, ცნობილი აფხაზი ფეხბურთელის ნიაზ ძიაპშიპას შვილია, რომელიც სიმსივნის დიაგნოზით მოსკოვში გარდაიცვალა.

მისი დანაბარების შესახებ რადიო "ათინათს" ბავშვობის მეგობარმა და კლასელმა, საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა ალექსანდრე ბოლქვაძემ უთხრა. სასულიერი პირის თქმით, ისინი მეათე კლასამდე თბილისის 62-საჯარო სკოლაში სწავლობდნენ. შემდეგ თამაზი სოხუმში გადასულა, თუმცა თბილისში ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე. მამა ალექსანდრე ბოლქვაძე იხსენებს, რომ დედით ქართველი, ძალიან ამაყობდა აფხაზური წარმომავლობით.

"მახსოვს, გაკვეთილზე მასწავლებელმა მას ჰკითხა გრაფაში ეროვნების გასწვრივ რა ჩაგიწეროო. მან დაჟინებით მოითხოვა, აფხაზიო. აფხაზი იყო სულით და ქართულ უზარმაზარ ენერგეტიკას ატარებდა. მისი ძმა ომარიც თბილისში ცხოვრობს. იმდენად უყვარდა ეს ორი ერი, რომ განუყოფელი იყო მისთვის ქართველი და აფხაზი", - გვითხრა სასულიერო პირმა.

კლასელები ომმა დააშორა, თუმცა, მათ შორის სატელეფონო კავშირი არ შეწყვეტილა. ომის მიმდინარეობისას თამაზ ძიაპშიპა თბილისშიც ჩამოსულა და მაშინ უთქვამს: "მე ვერც აფხაზს მოვკლავ და ვერც ქართველსო", იხსენებს სასულიერო პირი. მისი თქმით, თამაზ ძიაპშიპამ "თავისი სიკვდილით საფუძველი ჩაუყარა ორი ერის გამთლიანებას და გაერთიანებას".

თამაზ ძიაპშიპას კიდევ ერთი მეგობარი გია კობახიძე ამბობს, რომ ცხედრის კრემაცია მოსკოვში მოხდა. მისივე ცნობით, თამაზის შვილები მამის ფერფლის ნაწილს თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე, მამის, ნიაზ ძიაპშიპას საფლავზე ჩამოიტანენ, ხოლო ნაწილს - სოხუმის საგვარეულო სასაფლაოზე.

"ველოდებით შვილების ჩამოსვლას და შევიკრიბებით მეგობრები მათ საფლავთან",- გვითხრა გია კობახიძემ.

თამაზ ძიაპშიპას მამა, ნიაზ ძიაპშიპა დინამო თბილისის ფეხბურთელი, გუნდის მცველი, დინამო თბილისის შემადგენლობაში 1947-1959 წლებში ასპარეზობდა. ის ოთხჯერ დაასახელეს 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში, 1969 - 70 წლებში იყო დინამოს მწვრთნელი, ხოლო 1976-77 წლებში გუნდის უფროსი. ნიაზ ძიაპშიპა 1993 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში.

Print