ახალი ამბები
სენაკში მშვიდობის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს
სენაკში, მშვიდობის ქუჩის მცხოვრებთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა და რამდენიმე წუთით თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა. ადგილობრივები გზაზე მძიმე წონიანი მანქანების გადაადგილებას აპროტესტებენ. გარდა ამისა, ისინი გზის რეაბილიტაციასა და საკანალიზაციო არხის მოწესრიგებას ითხოვენ.

„აქ არის აუტანელი მდგომარეობა, ხუთ ბალიანი მიწისძვრაა მძიმეწონიანი მანქანების გავლა-გამოვლით. გზები გააფუჭეს, ისედაც გაფუჭებულია, ორი წელია საერთოდ არავის მოუხედავს. ისე თუ არ იქნება, როგორც ჩვენ ვითხოვთ, არ გააკეთებენ ამ გზას, ტროტუარს, საკანალიზაციო არხებს, უფრო მეტი ხალხი შევიკრიბებით და კიდევ გავმართავთ აქციას“, - ამბობს აქციის მონაწილე, გული კუჭავა.

გარდა ამისა, მშვიდობის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გასულ თვეებთან შედარებით, წყლის  ბევრად გაზრდილი გადასახადი მოუვიდათ.

აქციის მონაწილეებს სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი შეხვდა. მერიაში აცხადებენ, რომ ეს საერთაშორისო დანიშნულების გზაა და გადაადგილებას ვერავის აუკრძალავენ. რაც შეეხება გზის რეაბილიტაციის საკითხს, მათი თქმით, ეს გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა.

„ბუნებრივია გზაზე გადაადგილებას ვერავის ვერ ავუკრძალავთ, რაც შეეხება გზის შეკეთებას, ეს საკითხი ეხება გზების დეპარტამენტს და ეტაპობრივად ხორციელდება. რაც შეეხება წყლის გადასახადს, არის კოლოსალური რაოდენობა, ვერ გეტყვით როგორ მოხდა მისი დაანგარიშება. თვითონ ხელისუფლება დაადგენს წყალმომარაგების კომპანიასთან თუ საიდან მოვიდა ამდენი გადასახდი“, - ამბობენ მერიაში.

ადგილობრივებმა გზა პოლიციის მოთხოვნის შემდეგ, მალევე  გასხნეს.

ფოტო: პირველი არხი
Print
თეგები: აქცია / გზა / სენაკი /