ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილე კანდიდატმა სხვა აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად სამინისტროს თეატრის განვითარების სტრატეგია უნდა წარუდგინოს, სადაც დეტალურად იქნება გადმოცემული თეატრის საქმიანობის 4-წლიანი ხედვა და კონცეფცია.

აღნიშნულ კონკურსში განაცხადების მიღება 20 სექტემბრის 15 საათამდეა შესაძლებელი.

"პროფესიული სახელმწიფო თეატრების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად: "სამხატვრო ხელმძღვანელი უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი უნდა იყოს, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში − სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი".

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს 2015 წლიდან ბადრი წერედიანი იკავებდა, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება რამდენიმე თვის წინ დაწერა. წერედიანის თქმით, მან ერთწლიანი კონტრაქტის შემოთავაზება ლიეტუვადან მიიღო. 


Print