ახალი ამბები
ზუგდიდში მოქალაქემ ძაღლი, სავარაუდოდ ტირის თოფით მოკლა
ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე მოქალაქემ მიუსაფარი ძაღლი, სავარაუდოდ ტირის თოფით მოკლა. ამის შესახებ მოქალაქემ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც თავად წერს ფაქტი ორი დღის წინ მოხდა.

რუსთაველის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი მომხდარს ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობენ, რომ იმ პიროვნებას არ იცნობენ ვინც ძაღლს ესროლა.

"ხალხი შეგროვდა, გაგიჟებული იყო ყველა, მაგრამ ძაღლს არაფერი ეშველებოდა უკვე. ცოტა გაიარა თავისით და მოკვდა რამდენიმე წუთში. როგორც ვიცი თვითონ იმ კაცმა წაიღო მერე ძაღლი", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლების ნაწილი, ცხოველის მოკვლას არ ამართლებს, თუმცა ჩვენთან საუბრებში აღნიშნავენ, რომ მიუსაფარი ძაღლებით შეწუხებულები არიან. მათივე  თქმით, ძაღლები გამვლელებს და ბავშვებს კბენენ.

„არ ვამართლებთ ნამდვილად ძაღლის მოკვლას, მაგრამ ხალხი შეწუხებულია. მე თვითონ დამიკბინეს. მივდიოდი ქუჩაში მოულოდნელად მომახტა ზურგზე და მიკბინა. მეზობლის ბავშვიც დაკბინეს. ვინც მოკლა ალბათ მიზეზიც ჰქონდა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში მოთავსებაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს "იმერეთი ჯგუფმა" გაიმარჯვა. უკვე რამდენიმე თვეა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე უპატრონო ძაღლები ქუთაისში მდებარე თავშესაფარში გადაჰყავთ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად შპს, თითქმის, 28 000 ლარს იღებს.



Print