ახალი ამბები
ფოთში სანიჩბოსნო ბაზის აშენება იგეგმება
ფოთში მდინარე კაპარჭაზე ახალი სანიჩბოსნო ბაზა აშენდება, პროექტის ესკიზების განხილვა ფოთის მერიაში გაიმართა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მოადგილეები დაესწრნენ.



მდინარე კაპარჭას მიმდებარედ, ბესიკის ქუჩაზე არსებული სანიჩბოსნო სკოლის ტერიტორიაზე, თანამედროვე ევროპული სტანდარტების სანიჩბოსნო ბაზა აშენდება, საცურაო აუზითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. შენობის გარე და შიდა სივრცეები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

პარალელურად, მდინარე კაპარჭაზე მასშტაბური გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მდინარის 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს.

მდინარე კაპარჭას და პალიასტომის ტბის გაწმენდითი სამუშაოები საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ განხორციელებულა. ბუნებრივმა პროცესებმა მტკნარი წყლების კლება და ტბის ნაწილის დეგრადირება გამოიწვია. მომრავლდა ქვეწარმავლები, კოღოები და სხვა მწერები, რაც ადგილობრივებს პრობლემებს უქმნიდა. არხებისა და მდინარის ძირზე დაწყებულია მკვდარი მცენარეული მასის და პირველ რიგში, ტორფის აჭრილი ფენების წყალში გახრწნა, რამაც მავნე ბიოლოგიური ელემენტების დიდი რაოდენობით წარმოქმნა და იმავე ნივთიერებებით პალიასტომის შენაკადების დაბინძურება გამოიწვია.
Print