ახალი ამბები
ზუგდიდში 1924 წელს რეპრესირებულთა ხსოვნას პატივი მიაგეს (ფოტო)
ზუგდიდში, 1924 წლის აჯანყებისას დახვრეტილთა და რეპრესირებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ყვავილებით შეამკეს. დაღუპულთა ხსოვნას პატივი ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა, რეპრესირებულთა შთამომავლებმა და ჩოხოსნებმა მიაგეს. ამასთან, სასულიერო პირებმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. აქვე მოეწყო დაღუპულ მამულიშვილთა ფოტოგამოფენა.

„სამწუხაროდ საქართველოს ოკუპაცია დიდი ხანია დაწყებულია. დღეს პატივი მივაგეთ ახალგაზრდების ხსოვნას, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია ხსოვნა იყოს იმ ადამიანების, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობას შეეწირა“, - აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.
დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ. მისი თქმით, საქართველოს დღემდე უწევს ბრძოლა აგრესიასთან.
"მე ქედს ვიხრი იმ ღირსეული მამულიშვილების წინაშე, ვინც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას შეეწირა. საქართველოს მინდა გამთლიანება ვუსურვო, ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად", - თქვა გიორგი შენგელიამ.
1924 წლის 6 სექტემბერს ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 40 აჯანყებული დახვრიტეს. რეპრესირებულთა მემორიალი 2017 წლის 25 თებერვალს გაიხსნა.


Print