ახალი ამბები
დეპუტატი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის 10% თანადაფინანსების ზღვარის დაწევის ითხოვს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სანდრო სორდია დეპუტატებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის 10%-იანი თანადაფინანსების ზღვარის დაწევას სთავაზობს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ პროცენტის განახევრება პროგრამის განხორციელებისთვის უმჯობესი იქნება.

"სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში ჩატარებული საინფორმაციო კამპანიისას გამოიკვეთა ერთი საჭიროება. მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობამ ერთი მხრივ მადლიერება გამოხატა, რომ მუნიციპალიტეტი მათ მიერ წარმოდგენილ პროექტებს 90% აფინანსებს, თუმცა მეორე მხრივ, წუხილი გამოთქვეს, იმის გამო, რომ მოსახლეობის ნაწილი ადგილზე არ იმყოფება და ადგილობრივებს იმ 10%-ის გადახდაც მძიმე ტვირთად აწევთ. ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტს შეუძლია გარკვეული შეღავათი გასწიოს და ეს 10%-იანი თანადაფინანსების წილი დაიწიოს 5%-მდე. მე შემოვდივარ ამის ინიციატივით და თუ იქნება ერთიანი პოზიცია შეიძლება ამ საკითხზე ვიმსჯელოთ", - ამბობს სანდრო სორდია.

საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, დეპუტატის ინიციატივა საინტერესოა და მას შესწავლა სჭირდება.
ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, რომელიც დღევანდელ სხდომას ესწრებოდა, თქვა რომ ზღვარის დაწევა პროექტების ღირებულებიდან გამოდინარე შეიძლება.

"შეგვიძლია ფინანსური ღირებულებების მიხედვით დავაწესოთ პროცენტები. დავუშვათ 10 000 ლარი და მეტი ღირებულების პროექტზე შეიძლება იყოს 5%, ხოლო დაბალბიუჯეტიანი პროექტები დავტოვოთ 10%-ზე", - აღნიშნა კაკავამ.

მიმდინარე წელის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამისთვის 170 ათასი ლარია გამოყოფილი.


Print