რეგიონი
მამუკა ხაზარაძე : ანაკლიაში სმარტ-ქალაქის მშენებლობას აუცილებლად შევძლებთ
ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ღრმწაყლოვანი პორტის მშენებლობის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ პორტი საქართველოსთვის რამდენიმე ფაქტორის გამოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით. მან ასევე „ანაკლია-სითის“, როგორც „სმარტ-ქალაქის“ შესახებ ისაუბრა და დასძინა, რომ ამ პროექტს აუცილებლად განახორციელებენ.

„მიუხედავად საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობისა, მთავრობაში მოკალათებული ე.წ ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების მხრიდან, რომელიც პირდაპირ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, აქ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ იმას, რომ ეს პროექტი არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის და ორიენტაციისთვის, ეს არის უმნიშვნელოვანესი გასაკეთებელი პროექტი. ეს არ არის მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის პრაქტიკულად გარღვევა ქართულ ეკონომიკაში, ეს არის გარღვევა სამუშაო ადგილების შექმნაში, რაც ყველაზე მთავარია, ფუნქციის დაბრუნება გეოპილიტიკაში. თქვენ იცით, რომ შავ ზღვაში მოცურავე გემების 75 % დღეს საქართველოში ვერ შემოდის, მარტო ეს პატარა ფაქტი, გასაგები რომ იყოს, მიგანიშნებთ იმას, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - სამუშაო ადგილების შექმნისთვის, არამარტო ანაკლიისთვის - სრულიად საქართველოში, იმიტომ რომ ეს იქნება ჰაბი, ეს იქნება ინოვაციური ცენტრი, ეს იქნება მწვანე კონცეფციაზე დაფუძნებული სმარტ-ქალაქის მშენებლობა, რომლის პრექტირება დასრულებულია, რომლის განხორციელებას ჩვენ აუცილებლად შევძლებთ“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

მან დღეს ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელო" პრეზენტაცია გამართა.
Print